Friday, September 21, 2012

22 სექტემბერი – დღე ავტომანქანის გარეშე


რა შეგვიძლია გავაკეთოთ ამ დღეს უმანქანოდ?


  • დატოვეთ ავტომანქანა სახლში და გამოიყენეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ველოსიპედი, ქვეიტი გასეირნება და სხვა ნებისმიერი ალტერნატიული ეკოლოგიური სატრანსპორტო საშუალება (საჰაერო ბუშტი, ცხენი...)
  • მონაწილეობა მიიღეთ ველოგარბენებში
  • თუ თქვენ ამ დღეს არ შეგიძლიათ უარი თქვათ ავტომანქანაზე, შეამცირეთ თქვენი ,,სატრანსპორტო ნაკვალევი'': აიყვანეთ თანამგზავრი,  მოიფიქრეთ უფრო ოპომალური მარშრუტი, შეამოწმეთ საბურავებში წნევა, დაიცავით ეკოტარების წესები...
  • შეიბით მწვანე ბაფთა აქციის მხარდაჭერის ნიშნად და უამბეთ მის შესახებ ახლობლებს.
მანქანების ძალიან დიდი რაოდენობა არ არის მხოლოდ დიდი ქალაქების პრობლემა, ეს უკვე გლობალური პრობლემაა. ავტოტრანსპორტი ანგრევს პლანეტის ბიოსფეროს და თავად ადამიანს, სტატისტიკის მიხედვით, ავტოსაგზაო შემთხვევებში ყოველდღიურად 3000 ადამიანზე მეტი იღუპება, ხოლო კონვეიერიდან ყოველ წუთში გამოდის ერთი მანქანა.
მსოფლიო დღე ავტომანქანოს გარეშე არინიშნება 1998 წლიდან, ამ ტრადიციას საფუძველი საფრანგეთში ჩაეყარა. მაშინ ეს დღე აღინიშნა მხოლოდ ორ ათეულ ქალაქში, სამაგიეროდ 2001 წლისათვის მოძრაობას ოფიციალურად შეუერთდა მსოფლიოს 35 ქვეყნის ათასზე მეტი ქალაქი.
 ავტომანქანის გარეშე მსოფლიო დღე (ინგლისურად Car-free day) ტარდება ევროპის და მსოფლიოს სხვა ნაწილების დიდ ქალაქებში 22 სექტემბერს. ამ დღეს დიდი როლი ენიჭება საზოგადოებრივ ტრანსპორტს და ველოსიპედით გასეირნებას, ხოლო საკუთარი ავტოტრანსპორტის გამოყენება შეზღუდულია. ყველა ქვეყანაში ამ დღეს ეკოლოგიური პრობლემების გარდა ყურადღება ექცევა გზებზე უსაფრთხოებას. დიდ ქალაქებში, სადაც ავტოსაგზაო შემთხვევებში ათობით ადამიანი იღუპება, ასეთი აქციების ჩატარება ხელს უწყობს საგზაო ინციდენტების შემცირებას, ვითარდება ველობილიკების ინფრასტუქტურა, ჰაერი ხდება უფრო სუფთა, ხოლო ადამიანები უფრო ყურადღებიანები ხდებიან!!!




,,გავაკეთოთ ეს ქვემო ქართლში''




თითოეული ჩვენთაგანი ოცნებობს სუფთა პლანეტაზე, მდინარის ნაპირის, ტყის პირის, სახლისა და სკოლის სიახლოვეს პარკის სილამაზეზე. სწაორედ ამიტომ ქალაქ მარნეულის #6 საჯარო სკოლის თემის წარმომადგენლები დიდი ენთუზიაზმით გამოეხმაურნენ სამოქალაქო განათლების კლუბი ,,იმედის’’ წევრების მოწოდებას ჩართულიყვნენ აქტივობაში ,,გავაკეთოთ ეს ქვემო ქართლში’’. ამ აქტივობის ფარგლებში დაიგეგმა აქცია,,სკოლის სუფთა ეზო“, რომელიც გულისხმობდა სკოლის ეზოს დასუფთავებას და გალამაზებას.
წინა დღეებში სკოლის ფოიეში გაჩნდა კედლის გაზეთი აქციის თემაზე, ხოლო ფასადზე ლოზუნგი და მოწოდება, შემუშავებული იქნა აქციის ემბლემა, რომელიც 15 სექტემბერს მონაწილეებს დაუმაგრდათ ტანსაცმელზე.
შაბათობას შეუერთდნენ სკოლის მოსწავლეები, მასწავლებლები, მშობლები, დირექტორი. კლასებმა გაინაწილეს სკოლის ეზო და დიდი მონდომებით შეუდგნენ მის მოწესრიგებას, ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ვინ მეტ ნაგავს მოაგროვებდა, ნაწილი ბორდიურებს და ხეებს ათეთრებდა. სამუშაოს იხალისებდნენ მუსიკის და ცეკვის თანხლებით.


სასიამოვნო სანახავი იყო კოლექტიური შრომის შედეგი. ჩვენი სკოლის ყველა მოსწავლემ იცის, რომ სისუფთავე არა მარტო იქ არის, სადაც არ ანაგვიანებენ, არამედ იქაც, სადაც ასუფთავებენ და ალაგებენ და შემდგომში ჩვენ ვაპირებთ ვიცხოვროთ ანტუან დე სენტ–ეგზიუპერის სიტყვების მიხედვით, ,,ადექი დილას, მოიწესრიგე თავი და მაშინათვე მოაწესრიგე შენი პლანეტა’’


Friday, June 15, 2012

ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდა

ცხოვრების ჯანსაღი წესი_ხშირად გვესმის და ალბათ არაერთხელ დავფიქრებულვართ კიდეც ამ ფორმულირებაზე. მაინც რა არის ეს ჯანსაღი წესი, რას გულისხმობს, რას მოიცავს? თუმცა მტავარი დეტალები ბევრს არც კი აქვს სათანადოდ გაცნობიერებული, მაინც ყველამ იცის, რომ ცხოვრების ჯანსაღი წესი ორგანიზმის ჯანმრთელობის, დღეგრძელობის, სოციალურ ფუნქციათა სრულფასოვნად განხორციელების საწინდარია. სხვა საკითხია, ვინ როგორ მისდევს ამ წესს. ან კი როგორ უნდა მისდიოს ზოგიერთმა,თუ მისი არსიც კი არ აქვს გათავისებული?! ამიტომაც გადავწყვიტეთ, ჩვენი ბუკლეტი ამ უმნიშვნელოვანესი თემისათვის მიგვეძღვნა, მკითხველისათვის სასარგებლო რჩევების ფონზე კიდევ ერთხელ განგვემარტა ცხოვრების ჯანსაღი წესის არსი, მისი მთავარი პრინციპები, მათი დანერგვისა და დაცვის აუცილებლობა. ასე რომ, დაიწყეთ ახალი ცხოვრება ჯანსაღი წესით.

Tuesday, June 12, 2012

სტუმრად ბედიანის ბავშვთა სახლში

1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა.

ამ დღესთან დაკავშირებით მარნეულის #6 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის ,,იმედის'' წევრებმა ორგანიზება გავუკეთეთ საქველმოქმედო აქციას ,,დაეხმარე რითიც შესძლებ''. აქციის ფარგლებში სკოლის მიერ შეძენილი იქნა ბედიანის ბავშვთა სახლისათვის LCD ტელევიზორი, ჩვენი კლუბის წევრის ჯეირან მამიშევას ოჯახმა საჩუქრად გადმოგვცა ახალი მაცივარი, გარდა ამ საყოფაცხოვრებო ტექნიკისა, ბავშვებმა მოაგროვეს საჩუქრები: ტკბილეული, ხილი, ტანსაცმელი, სხვადასხვა საყოფაცხოვრებო საგნები.
ასე ,,ხელდამშვენებულები'' მარნეულის პროკურატურასთან ერთად  ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მიერ გამოყოფილი სატრანსპორტო საშუალებით 1 ივნისს ვესტუმრეთ ბავშთა სახლს, და იმედი გვაქვს, რომ ერთი ხალისიანი დღე ვაჩუქეთ მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ თანატოლებს. http://www.youtube.com/watch?v=aUjuaWp523c&feature=youtu.be

***

სამოქალაქო კლუბი იმედის წევრებმა ერთი დღე გავატარეთ მარნეულის უპოვართა სასადილოში, სადაც კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რამდენად საჭიროა გულმოწყალება და ქველმოქმედება, იმ ადამიანების დახმარება, რომელთაც ეს ძალიან სჭირდებათ. ჩვენ ჩვენი მცირედი წვლილი შევიტანეთ ამ საქმეში, რაც მართალია ზღვაში წვეთია, მაგრამ თუ სხევბიც მოგვბაძავენ წვეთი მართლაც ზღვად გადაიქცევა

Wednesday, May 9, 2012

დავიწყოთ მცირედით

სამოქალაქო განათლების კლუბი ,,იმედის'' წევრებს გვაქვს დიდი სურვილი აქტიურად ჩავერთოთ საქველმოქმედო საქმიანობაში, უფროსების წინაშე დავაყენოთ პრობლემური საკითხები და შევთავაზოთ ამ პრობლემების გადაწყვეტის საშუალებების საკუთარი ვერსიები და ხედვა.
კლუბის წევრების საქმიანობა ატარებს მოხალისეობრივ სახეს, რომელიც მიმართულია სხვა პირის, პირთა ჯგუფის ან ზოგადად, საზოგადოების სასარგებლოდ, წარმოადგენს საზოგადოებისათვის სასიკეთო საქმეს და აქტუალური სოციალური პრობლემების გადაწყვეტის მექანიზმს.
ამჯერად ყურადღება შევაჩერეთ ისეთ თემაზე, რომელიც ვერავის ტოვებს გულგრილს:
ობოლი და მშობელთა მზრუნველობას მოკლებული ბავშვები და მათი  პრობლემები.
ქ. მარნეულის #6 საჯარო სკოლაში მუშაობს გრძელვადიანი პროგრამა ,,ტოლერანტობა’’, რომლის ფარლებში სისტემატიურად იგეგმება და ხორციელდება სხვადასხვა სახის  საქველმოქმედო აქციები და აქტივობები.  ერთ–ერთი ასეთი აქცია იყო წალკის რაიონის სოფ. ბედიანში არსებული ბავშვთა სახლის აღსაზრდელებთან სტუმრობა, რის შედეგადაც თვალსაჩინო გახდა, რომ ამ ბავშვთა სახლის წინაშე მწვავედ დგას ელემენტარული საყოფახცოვრებო პირობების  საკითხი. ამჟამად ბავშვთა სახლში 12 აღსაზრდელი ჰყავთ. საზოგადოების უპირველესი ამოცანაა, რომ სწორედ ამ ბავშვებს, რომლებსაც ძალიან სჭირდებათ ჩვენი თანადგომა საზოგადოების სრულფასოვან წევრებად ჩამოყალიბებისათვის, შეუქმნას თუნდაც ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობები სოციალური კეთილდღეობის მაჩვენებლის გაუმჯობესებისათვის. ეს ყველაზე მცირედია, რისი გაკეთებაც შეიძლება ამ ბავშვების სოციალური ადაპტაციისათვის, რადგან საყოფაცხოვრებო პირობები აუცილებელი ელემენტია თანამედროვე, საკუთარ თავში დაჯერებული, უკომპლექსო, კომუნიკაბელური ადამიანის ფორმირებისათვის.
პროექტის მიზანია ობოლი და მშობელთა მზრუნველობას მოკლებული ბავშვების გონებრივი, ემოციური და ფიზიკური განვითარებისთვის აუცილებლი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით საწოლებისათვის ზამბარიანი ლეიბების (მატრასის) შეძენა. ამისათვის საჭიროა მინიმუმ 500 ლარი, რისი საშუალებითაც შესაძლებელი იქნება 4–5 ცალი ზამბარიანი ლეიბის (მატრასის) და ლოგინის თეთრეულის შეძენა.
ჩვენი მიზანია მივაჩვიოთ ადამიანები ქველმოქმედებას, საზოგადოების ყურადღება მივიქციოთ, შევახსენოთ ადამიანებს, რომ ჩვენს გვერდით ცხოვრობენ და იზრდებიან ბავშვები, რომლებსაც ჩვენი თანადგომა და დახმარება ძალიან სჭირდებათ და ჩვენს მათდამი დამოკიდებულებაზე ბევრად არის დამოკიდებული მათი მომავალი ცხოვრებისეული არჩევანი.
აქტივობის განხორციელების შედეგად, ბედიანის ბავშვთა სახლში მცირედით, მაგრამ მაინც გაუმჯობესდება სახცოვრებელი პირობები, ხოლო ბავშვები, რომლებიც დაინახავენ, რომ მარტონი არ არიან და მათ გვერდიათ არიან და მათზე ზრუნავენ სრულიად უცხო ადამიანები, თავადაც როცა გაიზრდებიან, სხვებს უწილადებენ იმ სითბოსა და სიყვარულს, რომელიც ჩვენგან მიიღეს და ჩვენი საზოგადოებაც მთლიანობაში უფრო კეთილი და გულისხმიერი გახდება.
ერთად ვაკეთოთ კეთილი საქმეები, დავიწყოთ მცირედით!!!
იმედი გვაქვს, ჩვენი მოწოდება არ დაგტოვებთ გულგრილს, და თქვენც თქვენი შესაძლებლობების ფარგლებში დაეხმარებით ამ და სხვა შეჭირვებულ ადამიანებს, ამისათვის ესტუმრეთ ვებ გვერდს :www.borani.org

Tuesday, May 8, 2012

ვცეკვავთ მსოფლიოს ხალხთა ცეკვებს


სამოქალაქო განათლების კლუბი ,,იმედი'' აქტიურად თანამშრომლობს სკოლის თვითმმართველობასთან და ადმინისტრაციასთან. საერთო სასკოლო ღონისძიებებისა და აქტივობების დაგეგმვაში, ორგანიზებასა და ჩატარებაში თავისი წვლილი შეაქვს კლუბის ყველა წევრს.
ასე იყო სკოლაში ფესტიველის ,,ვცეკვავთ მსოფლიოს ხალხთა ცეკვებს'' ჩატარებისასაც. კლუბის წევრებმა ჩაატარეს კენჭისყრა, რომლის შედეგად გადაწყდა რომელი კლასი რომელი ქვეყის ცეკვას შეისწავლიდა და წარმოადგენდა.
უმცროსი კლასების მოსწავლეებს დაევალათ ქართული ცეკვების წარმოდგენა, ხოლო უფროსკლასელებმა სხვადასხვა ქვეყნის ცეკვებით გაახალისეს მაყურებლები. კლუბის წევრები დაეხმარნენ მონაწილეებს ცეკვების დადგმაში, შესაბამისი მუსიკის მოძიებაში, გადმოწერაში, კოსტუმების შექმნაში.
საბოლოო ჯამში ძალიან ლამაზი და სახალისო ფესტივალი ორი დღე გაგრძელდა სკოლაში და მისმა ყველა მონაწილე და მაყურებელი კიდევ ერთხელ დარწმუნდა რამდენად ჰგავს მსოფლიოს ყველა ხალხი ერთმანეთს და რამდენად განსხვავდება თავისი კულტურით და ტრადიციებით, და რომ ადამინების დასაახლოვებლად ცეკვა ერთ–ერთი უდიდესი ძალაა.

Wednesday, May 2, 2012

,,მე ვარ მოქალაქე''


სამოქალაქო განათლების კლუბი ,,იმედის'' წევრები ორიენტირებულნი ვართ ზოგადად სამოქალაქო განათლების და შეგნების დონის ამაღლებაზე. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ ჩვენს თანატოლებს, უფროს და უმცროს მეგობრებს.
ამ მიზნით სკოლაში ხშირად ვაწყობთ დისკუსიებს, დებატებს, კონფერენციებს სხვადასხვა აქტუალურ თემებზე და საკითხებზე.
დისკუსია თემაზე ,,მე ვარ მოქალაქე'' უფროლასელებისათვის ჩატარდა იმ მიზნით, რომ ჩვენმა თანატოლებმა უკეთ აითვისონ ახალი მცნებები მოქალაქეობა და უცხოელი, შეძლონ განასხვავონ მათი უფლება–მოვალეობები ზოგადად, მათ შორის მოქალაქის ასაკთან მიმართებაში.
დისკუსიის შედეგად მოსწავლეებმა უკეთ იციან კანონი საქართველოს მოქალაქის შესახებ, მუხლი 5, საქართველოს კანონი უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ__ მუხლი 4.


Friday, April 27, 2012

ვიქტორინა ,,შენი უფლებები და ზღაპრული ქვეყანა''


სამოქალაქო კლუბ ,,იმედის'' წევრებმა სკოლის ადმინისტრაციასთან და მოსწავლეთა თვითმმართველობასთან ერთად ორგანიზება გაუკეთეს და ჩაატარეს სასკოლო ვიქტორინა სკოლის მეექვსე კლასელებისათვის ,,შენი უფლებები და ზღაპრული ქვეყანა''. ვიქტორინის კითხვები ისე იყო შერჩეული, რომ ბავშვებს თამაშით  განუმარტავდა თავის ძირითად  უფლებებს და თავისუფლებებს, რომლებიც გადმოცემულია ბავშვთა უფლებების კონვენციაში ზღაპრების გმირების მაგალითზე უხსნიდა უფლებათა დარღვევის მაგალითებს.
ჩვენი კლუბის მიზანია, რომ ყველა ადამიანმა, რომელსაც შევძლებთ რომ ხმა მივაწვდინოთ, ადრეული ასაკიდანვე იცოდეს თავისი უფლებები და ის, რომ არ არსებობს უფლებები მოვალეობების გარეშე და მოვალეობები უფლებებების გარეშე.
ვიქტორინაში გამარჯვებული კლასი დაჯილდოვდა სასკოლო სიგელით.

Tuesday, April 24, 2012

შეხვედრა მარნეულის გამგებელთან

მარნეულის #6 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრები არაფორმალურ გარემოში შევხვდით მარნეულის გამგებელს ზაზა დეკანოიძეს, რომელსაც მივმართეთ  სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების თხოვნით. ბატონმა ზაზამ დიდი გულისყურით მოგვისმინა, გაგვესაუბრა, დაინტერესდა ჩვენი საქმიანობით და შეგვპირდა, რომ შესაძლებლობის ფარგლებში აუცილებლად დაეხმარებოდა ჩვენს სკოლას სასწავლო გარემოს მოწესრიგებაში და გაუმჯობესებაში.

დედამიწის დღე


2012 წლის 23 აპრილს სამოქალაქო კლუბი ,,იმედის'' წევრებმა მოვაწყვეთ საინფორმაციო აქცია დედამიწის დღესთან დაკავშირებით. მოვამზადეთ ბუკლეტები ქართულ და რუსულ ენებზე, რომლებიც გავავრცელეთ ქალაქში, გამვლელებში, სხვადასხვა დაწესებულებებში და საპასუხოდ გამვლელების სითბო და დაუფარავი დადებითი ემოციები მივიღეთ. ამ პატარა აქციით ჩვენ ერთხელ კიდევ შევახსენეთ  ადამიანებს, რომ ჩვენს პლანეტას მოფრთხილება და სიყვარული სჭირდება, თითოეულ ჩვენთაგანს, სულ მცირედით შეუძლია დიდი საქმის გაკეთება!!!!

22 აპრილი დედამიწის დღეა!

Friday, April 20, 2012

ვულოცავთ!!!

ჩვენი სამოქალაქო კლუბის წევრები აქტიურად არიან ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მათი მიზანია საზოგადოებებისთვის მშვიდობიანი და წარმატებული მომავლის შესაქმნელად საჭირო უნარ-ჩვევებისა და ცოდნის მიწოდება.
კლუბის ერთ–ერთმა აქტიურმა წევრმა აიშა ბადალოვამ გაიმარჯვა პროექტ ,,ჰარმონიას'' მიერ გამოცხადებულ სოციალური მედიის პროექტში ბლოგერების კონკურსში. ვულოცავთ მას ამ წარმატებას და ვუსურვებთ, რომ ეს ყოფილიყოს სხვა დიდი გამარჯვებების დასაწყისი.
აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ ა/წ თებერვალში ჩვენი კლუბის წევრების აიშა ბადალოვას და ვასილ ბლიაძის მონაწილეობით შექმნილმა პროექტმა ,,დიდი წმენდა 1937 წელი'' განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ პროექტების კონკურსში II ადგილი დაიკავა.

,,დარგე ხე მომავლისათვის''

ჩვენი სამოქალაქო კლუბის წევრების ინიციატივით 2012 წლის მარტში  მოეწყო აქცია ,,დარგე ხე მომავლისათვის'', რომლის ფარგლებშიც სკოლის მოსწავლეებმა სკოლის ეზოში დარგეს ხის ნერგები.

Thursday, April 19, 2012

შეხვედრა სამართალდამცველ ლაშა ასანიძესთან


სამოქალაქო კლუბ ,,იმედის'' წევრები კარგად აცნობიერებენ თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ მოზარდმა თაობამ უკეთ ისწავლოს კანონები, გააცნობიეროს, რისთვის შეიქმნა ისინი, როგორ გვიცავს ან როგორ ფვსჯის. ამ მიზნით მნიშვნელოვანია სამართალდამცველებთან სისტემატიური შეხვედრები. 

ქ. მარნეულის #6 საჯარო სკოლაში 2012 წლის მარტში მოეწყო სამოქალაქო კლუბის წევრების შეხვედრა სამართალდამცველ ლაშა ასანიძესთან თემაზე ,,არასწულწლოვანი და კანონი'', რომლის შემდეგაც კლუბის წევრების მიერ მომზადდა სასკოლო სტენდი ,,მოზარდი და კანონი''

ოკუპაციის კვირეული

ოკუპაციის კვირეულს და ქართველი გმირების ხსოვნის აქციას მთელი საქართველო შეუერთდა.1921 წლის 25 თებერვლს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 21-დან  25 თებერვლის ჩათვლით, სხვადასხვა ღონისძიებები განახორციელა. ამ ღონისძიებებში აქტიურად ჩაერთო ჩვენი სკოლის სამოქალაქო კლუბი. კვირეულის ფარგლებში სამოქალაქო კლუბის წევრების ინიციატივით და ორგანიზებით მოეწყო ოკუპაციის თემაზე დოკუმენტური ფილმების ჩვენება და შემდგომი განხილვა, რომლებშიც მონაწილეობდნენ 8, 9, 10, 11, 12 კლასების მოსწავლეები. ასევე კლუბის წევრების მიერ დამზადდა წითელი ყაყაჩოები და სკოლა ჩაერთო ”წითელი ყაყაჩოს’' აქციაში

კლუბის წევრები

ქ. მარნეულის #6 საჯარო სკოლაში 2012 წლის იანვარში ჩამოყალიბდა სამოქალაქო კლუბი, სამოქალაქო განათლების პედაგოგის მარიამ მუმლაძის ხელმძღვანელობით, კლუბის წევრები არიან:
  1. თეონა ფარჯიანი
  2. სევინჩ მამედოვა
  3. ხიდირ ისმაილოვი
  4. აიშა ბადალოვა
  5. ანჟელიკა ბადალიანი
  6. ანა ბრეგვაძე
  7. ჯეირან მამიშოვი
  8. შალვა ბუზალაძე
  9. ლიკა ხაჩატურიანი
  10. ვასილ ბლიაძე
  11. ცირა დვალიშვილი
  12. თინათინ ჭკადუა
  13. რუსუდან ზურაბაშვილი
  14. აინურ იბრაგიმოვი
  15. მერი გოგიჩაშვილი
  16. ხატია კვიციანი
  17. ანა ქველაძე
  18. სოლომონ მეგრელიშვილი
  19. გიორგი სიხარულიძე
  20. ნინო ბერძენიშვილი
  21. მაია გოგიჩაშვილი
  22. მარიამ ხარაიძე
  23.  ნინო გელაშვილი
  24. გეგი ლიპარტელიანი
  25. მარიამ მუმლაძე
  26. გიორგი მურადაშვილი

ჩვენი სამოქალაქო კლუბის ლოგო და სლოგანი


ქალაქ მარნეულის #6 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბი

თანამედროვე საზოგადოება მუდმივად იცვლება. საქართველო ხდება სამართლებრივი სახელმწიფო, რომელიც ყველა ადამიანისათვის უზრუნველყოფს პირად ხელშეუხებლობას, თავისუფლებას, დამოუკიდებლობას, გადაწყვეტილებების მიღების თავისუფლებას, იმისდა მიხედვით, თუ რა მიაჩნია მას თავად თავისათვის საუკეთესო, ფასეული, ხელსაყრელი. საზოგადოებას სჭირდება ჯანსაღი, მამაცი, გაბედული, დისციპლინირებული, განათლებული ადამიანები, რომლებიც იმუშავებენ მის საკეთილდღეოდ, ეს ნიშნავს, რომ ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თუ როგორი იქნება მომავლის ადამიანი, ხოლო სასკოლო სამოქალაქო კლუბი ადრეული ასაკიდანვე უზრუნველყოფს მოსწავლეთა აქტიურ ჩართულობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
სწორედ ამ მიზნით და იმედით ფუნქციონირებს ქ. მარნეულის #6 საჯარო სკოლაში სამოქალაქო კლუბი ,,იმედი'', რომლის დასახელებაც არაორაზროვნად მიუთითებს, რომ ჩვენ, მომავალი თაობა, უკეთესი მომავლის იმედით ვიზრდებით, მამულის სამსახურისადმი, დედამიწაზე ადამიანებს შორის სამართლიანობის და თანასწორობის დამკვიდრებისადმი, საკუთარი და სხვისი უფლებების დასაცავად ვისწრაფვით.