Wednesday, May 9, 2012

დავიწყოთ მცირედით

სამოქალაქო განათლების კლუბი ,,იმედის'' წევრებს გვაქვს დიდი სურვილი აქტიურად ჩავერთოთ საქველმოქმედო საქმიანობაში, უფროსების წინაშე დავაყენოთ პრობლემური საკითხები და შევთავაზოთ ამ პრობლემების გადაწყვეტის საშუალებების საკუთარი ვერსიები და ხედვა.
კლუბის წევრების საქმიანობა ატარებს მოხალისეობრივ სახეს, რომელიც მიმართულია სხვა პირის, პირთა ჯგუფის ან ზოგადად, საზოგადოების სასარგებლოდ, წარმოადგენს საზოგადოებისათვის სასიკეთო საქმეს და აქტუალური სოციალური პრობლემების გადაწყვეტის მექანიზმს.
ამჯერად ყურადღება შევაჩერეთ ისეთ თემაზე, რომელიც ვერავის ტოვებს გულგრილს:
ობოლი და მშობელთა მზრუნველობას მოკლებული ბავშვები და მათი  პრობლემები.
ქ. მარნეულის #6 საჯარო სკოლაში მუშაობს გრძელვადიანი პროგრამა ,,ტოლერანტობა’’, რომლის ფარლებში სისტემატიურად იგეგმება და ხორციელდება სხვადასხვა სახის  საქველმოქმედო აქციები და აქტივობები.  ერთ–ერთი ასეთი აქცია იყო წალკის რაიონის სოფ. ბედიანში არსებული ბავშვთა სახლის აღსაზრდელებთან სტუმრობა, რის შედეგადაც თვალსაჩინო გახდა, რომ ამ ბავშვთა სახლის წინაშე მწვავედ დგას ელემენტარული საყოფახცოვრებო პირობების  საკითხი. ამჟამად ბავშვთა სახლში 12 აღსაზრდელი ჰყავთ. საზოგადოების უპირველესი ამოცანაა, რომ სწორედ ამ ბავშვებს, რომლებსაც ძალიან სჭირდებათ ჩვენი თანადგომა საზოგადოების სრულფასოვან წევრებად ჩამოყალიბებისათვის, შეუქმნას თუნდაც ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობები სოციალური კეთილდღეობის მაჩვენებლის გაუმჯობესებისათვის. ეს ყველაზე მცირედია, რისი გაკეთებაც შეიძლება ამ ბავშვების სოციალური ადაპტაციისათვის, რადგან საყოფაცხოვრებო პირობები აუცილებელი ელემენტია თანამედროვე, საკუთარ თავში დაჯერებული, უკომპლექსო, კომუნიკაბელური ადამიანის ფორმირებისათვის.
პროექტის მიზანია ობოლი და მშობელთა მზრუნველობას მოკლებული ბავშვების გონებრივი, ემოციური და ფიზიკური განვითარებისთვის აუცილებლი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით საწოლებისათვის ზამბარიანი ლეიბების (მატრასის) შეძენა. ამისათვის საჭიროა მინიმუმ 500 ლარი, რისი საშუალებითაც შესაძლებელი იქნება 4–5 ცალი ზამბარიანი ლეიბის (მატრასის) და ლოგინის თეთრეულის შეძენა.
ჩვენი მიზანია მივაჩვიოთ ადამიანები ქველმოქმედებას, საზოგადოების ყურადღება მივიქციოთ, შევახსენოთ ადამიანებს, რომ ჩვენს გვერდით ცხოვრობენ და იზრდებიან ბავშვები, რომლებსაც ჩვენი თანადგომა და დახმარება ძალიან სჭირდებათ და ჩვენს მათდამი დამოკიდებულებაზე ბევრად არის დამოკიდებული მათი მომავალი ცხოვრებისეული არჩევანი.
აქტივობის განხორციელების შედეგად, ბედიანის ბავშვთა სახლში მცირედით, მაგრამ მაინც გაუმჯობესდება სახცოვრებელი პირობები, ხოლო ბავშვები, რომლებიც დაინახავენ, რომ მარტონი არ არიან და მათ გვერდიათ არიან და მათზე ზრუნავენ სრულიად უცხო ადამიანები, თავადაც როცა გაიზრდებიან, სხვებს უწილადებენ იმ სითბოსა და სიყვარულს, რომელიც ჩვენგან მიიღეს და ჩვენი საზოგადოებაც მთლიანობაში უფრო კეთილი და გულისხმიერი გახდება.
ერთად ვაკეთოთ კეთილი საქმეები, დავიწყოთ მცირედით!!!
იმედი გვაქვს, ჩვენი მოწოდება არ დაგტოვებთ გულგრილს, და თქვენც თქვენი შესაძლებლობების ფარგლებში დაეხმარებით ამ და სხვა შეჭირვებულ ადამიანებს, ამისათვის ესტუმრეთ ვებ გვერდს :www.borani.org

No comments:

Post a Comment